დაგვირეკეთ: + 995 322 433 033   ENG

    მიმდინარე წლის პირველ ივლისს, 14 თვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დამეწყრილ-დაზიანებული, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ ოცდაცხრა მილიონ ლარს გადააჭარბა.

   გზის რეაბილიტაციაში ჩართულები იყვნენ უცხოელი სპეციალისტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. აღნიშნული მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. ინოვაციური იყო საქართველოსთვის, ევროპაში აპრობირებული მეთოდი - ბადეების მონტაჟი, რომელიც დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს შეაჩერებს. ასევე დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომლებიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შესასვლე-გამოსასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად ჩაკეტავს მას.

   მშენებლობის პროცესში გამოკვლეულ იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიზრება სეისმური ბიძგები რვა ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების გამაგრების და უსაფრთხოების მიზნით, მოხდა ქანების ანკერული გამაგრება.

   აღნიშნული ფართომაშტაბიანი პროექტის განხორციელება, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის არის, არამედ ტურისტული განვითარებისთვისაც დიდ მნიშვნელობას იძენს, კომპანია „ჯიარჯიმ“ „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ერთად საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობა და სხვა საჭირო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოები მოიცავდა წყნეთის ბოლოდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე და წყნეთი-სამადლოს 1კმ.-იანი მონაკვეთების ასფალტბეტონის საფარის მოწყობას. ასევე წყალამრიდი მილების, გაბიონის კედლისა და ბეტონის კიუვეტების მოწყობას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგზაო სამოსის მოწყობა ასფალტბეტონის კონსტრუქციით 6+4სმ. დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები და მოეწყო თვალამრიდები, დაიხაზა დასრულებული საავტომობილო გზა.

   წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზის აღდგენითი სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მეთვალყურეობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. სტიქიის დღიდან ამ დრომდე აღნიშნულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო და მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს და დაბრკოლებას წარმოადგენდა, შემოვლითი გზით სარგებლობა. დღეს უკვე აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და რაც მთავარია გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტულია. კომპანია „ჯიარჯი“ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.